საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბელარუს კოლეგას შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-22

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად, ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. გიორგი კვირიკაშვილს ბელარუსმა კოლეგამ, ანდრეი კობიაკოვმა უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.

პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პოტენციალი იყო.

მხარეებმა განიხილეს ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა, ისაუბრეს აბრეშუმის გზის ინიციატივის შესახებ და ამ პროცესში საქართველოსა და ბელარუსის უფრო აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფის გზები დასახეს.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ტურისტულ პოტენციალს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ 2016 წლის იანვარი-თებერვლის მონაცემებით, საქართველოში ვიზიტორების ოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს საინვესტიციო რესურსებისა და სპეციალური სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომლებიც ორიენტირებულია მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე, ფინანსური და სხვა ინსტრუმენტების საშუალებით.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური