საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

მოხარული ვარ, რომ თსუ-ში სასწავლო პროცესი განახლდება ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-17

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის განახლებას მიესალმება, - როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მოხარულია, რომ სტუდენტებმა პროტესტის მშვიდობიანი ფორმა და მოლაპარაკებების პროცესი არჩიეს.

პრემიერის შეფასებით, თითოეული სტუდენტის, ახალგაზრდის აზრი და პროტესტი უმნიშვნელოვანესია და მათი მაქსიმალური ჩართულობა განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება.

„ჩვენი ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის განათლების რეფორმა, რაც გულისხმობს უმაღლესი განათლების სისტემის ძირეულ ცვლილებებს, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ჩავრთავთ ახალგაზრდებს ამ რეფორმირების პროცესში და გავითვალისწინებთ მათ აზრს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა თვითმმართველობის რეფორმის აუცილებლობაზეც ისაუბრა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, თვითმმართველობაზე შეიქმნა ნეგატიური აზრი წარსულში არსებული პრეცენდენტების გამო, როდესაც თვითმმართველობის და სტუდენტების აბსოლუტურად გულწრფელ პროტესტს პოლიტიკოსები საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებდნენ.

„ჩვენ ვემიჯნებით ასეთ ხედვას და ჩვენთვის თითოეული სტუდენტის, თვითმმართველობაში გაწევრიანებული ახალგაზრდის აზრი მნიშვნელოვანია. თვითმმართველობაც თავისთავად საჭიროებს რეფორმას. მოვუწოდებთ ყველა ახალგაზრდას, ჩაერთოს მოლაპარაკების, რეფორმირების პროცესში. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ისეთ პროგრესულ მოდელს, სადაც აღარ იქნება მიზეზი იმისა, რომ სტუდენტები გამოდიოდნენ ქუჩაში და სასწავლო პროცესი იშლებოდეს. მოხარული ვარ, რომ სასწავლო პროცესი განახლდება და ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება", - აღნიშნნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური