საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო იქმნება ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-17

სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო იქმნება, - წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში მინერალური პროდუქტებისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ხის გადამამუშავებელი ინოვაციური ქარხნის აშენების პროექტების დაფინანსება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი იჯარით გადაცემულ მიწაზე, სწრაფად მზარდი ტყის სანერგე მეურნეობა გაშენდება, რაც 2,5 მილიონი ლარის ინვესტიციას გულისხმობს; ასევე, კომპანია გეგმავს ხის გადამამუშავებელი ინოვაციური ქარხნის აშენებას, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიებით და ეკოლოგიურად სუფთა დანამატებით აწარმოებს ხის გრანულებს.

„ეს ახალი სიტყვაა საქართველოს ეკონომიკაში და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე, პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარე, რომელიც სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობის ნაწილში გამოიკვეთა, ცვლილება შედის სახელმწიფო პროგრამაში - „აწარმოე საქართველოში".

ცვლილება გულისხმობს მინიმალური სესხის ზღვარის დაწევას ნახევარი მილიონი ლარიდან 200 ათას ლარამდე, ხოლო მაქსიმალური ზღვარის აწევას 2 მილიონ ლარამდე.

„წინასწარი ანალიზით გაირკვა, რომ თანხის მაქსიმალური ლიმიტი ვერ უზრუნველყოფდა ხარისხიანი სასტუმრო აშენებას რეგიონებში და ვფიქრობთ, ეს ცვლილება გაააქტიურებს პროგრამაში მონაწილეობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სასტუმრო ქსელების განვითარების კომპონენტი მთავრობამ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ახდენს საპროცენტო ხარჯის თანადაფინანსებას, ბანკის მიერ მოთხოვნილი გირაოს 50%-ს ფარავს სახელმწიფო საკუთარი გარანტიით, ასევე, უზრუნველყოფს მიწის და ქონების გამოყოფას და საჭიროების შემთხვევაში უცხოელი ექსპერტების მოწვევას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური