საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

უმაღლესი განათლება საჭიროებს ფუნდამენტურ ცვლილებებს ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-16

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სტუდენტების აზრის გათვალისწინება მომავალი რეფორმისთვის, რომელიც მშვიდ და სტაბილურ გარემოში უნდა გატარდეს.

„მე თავიდან ბოლომდე საქმის კურსში ვარ მიმდინარე პროცესების შესახებ. უკვე ორჯერ გავაკეთე განცხადება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების აზრი, რაც უნდა იქნეს გათვალისწინებული იმ რეფორმებში , რომელიც არის ჩვენი მთავრობის ახალი ოთხპუნქტიანი გეგმის შემადგენელი ნაწილი. როგორც უნივერსიტეტი, ასევე საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა, საჭიროებს ფუნდამენტურ რეფორმებს. რა თქმა უნდა, მე ვიზიარებ ერთის მხრივ სტუდენტების პროტესტს ამის თაობაზე, მაგრამ მეორეს მხრივ, არ შეიძლება სიტუაციის ესკალაცია და ასეთ დაძაბულ რეჟიმში რაიმე გადაწყვეტილებების მიღება. მინდა, კიდევ ერთხელ არა მოვუწოდო, არამედ ვთხოვო ჩვენს შვილებს, ჩვენს ახალგაზრდებს, რომ მოგვცენ საშუალება, გავატაროთ ცვლილებები, რომლებსაც ისინი ითხოვენ და რომლებშიც მე აბსოლუტურად ვიზიარებ მათ სულისკვეთებას. უმაღლესი განათლება საჭიროებს ფუნდამენტურ ცვლილებებს და ამ ცვლილებებისთვის ჩვენ მზად ვართ, უბრალოდ, ამას სჭირდება დრო," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური