საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-16

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთთან სრული თანამშრომლობა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე აწყობილი ურთიერთობის შემდეგ გახდება შესაძლებელი, - ასე გამოეხმაურა გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ცდილობს, შეამციროს ესკალაცია და გადავიდეს რუსეთთან დიალოგის რეჟიმზე.
"საქართველოში არსებული განწყობების შესახებ საუბრისას რუსმა პოლიტიკოსებმა საკუთარ მიდგომებს უნდა მიაქციონ ყურადღება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის,სუვერენიტეტის საფუძველზე აწყობილი ურთიერთობა იქნება ის, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ურთიერთობების სრული ნორმალიზება. არა ჩვენი საგარეო ვექტორის და არა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე - რა თქმა უნდა, აქ ნებისმიერი კომპრომისი გამორიცხულია, თუმცა, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, შევამციროთ ესკალაცია და გადავიდეთ იმ რეჟიმზე, რომელზეც შესაძლებელი იქნება პრობლემების მოგვარებაზე საუბარი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური