საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

ეს არის ქვეყნისა და ხალხის ძალიან დიდი წარმატება ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-10

ეს არის ჩვენი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ძალიან დიდი ძალისხმევისა და შრომის შედეგი და ეს არის ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის შედეგი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის ინიციატივას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიას, საქართველოს მეგობრებსა და პარტნიორებს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მანვე იმედი გამოთქვა, რომ პროცესი დაჩქარებულად წარიმართება და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რამდენიმე თვეში ამოქმედდება.

„ევროკომისია გამოვიდა საკანონმდებლო ინიციატივით საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ. ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ძალიან დიდი წარმატება. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს, ყველას, ვინც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ამ პროცესის ასე პოზიტიურად წარმართვაში. ამ ინიციატივას მოჰყვება განხილვა ერთდროულად ორივე ინსტიტუციაში - ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში და რამდენიმე თვეში პროცესი წარმატებით დასრულდება. უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ეს პროცესი ჩქარა წარიმართება. მადლობა მინდა გადავუხადო ევროკომისარს საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირებისთვის, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის საფუძველზე და რა თქმა უნდა, ევროკომისიას ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური