საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი სტუმრად საამქროში ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-05

"აწარმოე საქართველოში" არის პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს დაამაგრებს რეგიონებში და მათ აღარ მოუწევთ სამუშაოს ძებნა ქალაქში, - ასე შეაფასა სოფელ ქვაბისხევის მკვიდრმა, მცირე მეწარმემ თემურ მაისურაძემ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი. მან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და მთავრობის წევრებს "ამხანაგობა ჩუქურთმას" საამქროში უმასპინძლა.

პრემიერი „ამხანაგობა ჩუქურთმას" საქმიანობას გაეცნო. თემურ მაისურაძის განმარტებით, ამხანაგობა ხის ნაკეთობებზე და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებზე მუშაობს. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, მათ შეიძინეს ხის გადასამუშავებელი და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების დასამზადებელი დანადგარები, ასევე ავტომანქანა.

მეწარმეების თქმით, "ამხანაგობა ჩუქურთმა" წლების წინაც საქმიანობდა, თუმცა სტიქიური უბედურების შედეგად საამქრო მთლიანად განადგურდა. ამხანაგობის სამმა წევრმა წარმოების ამუშავება სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" დახმარებით შეძლეს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საწარმოში ახალგაზრდები სწავლობენ ხეზე კვეთის ხელოვნებას, რომ მათ უჩნდებათ შემოსავლის წყარო, რაც დაამაგრებს ახალგაზრდებს სოფლად." - აღნიშნა პრემიერმა.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური