საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

2016 წლის 4 მარტის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-04

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 28 საკითხი განიხილა.  დღის წესრიგი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, წალკაში ეკომიგრანტებს 215 მიწის ნაკვეთი გადაეცემათ, ხოლო 145 დევნილ ოჯახი საცხოვრებელ ფართს საკუთრებაში მიიღებს.

მთავრობამ დაამტკიცა სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი საწარმოს შექმნისთვის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კარიერი 2015" - სთვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება". შპს „კარიერი 2015" - ს მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ილმაზლოში მინერალური პროდუქტების მწარმოებელ საწარმოს შექმნის და 187 392 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ასევე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აგროარომა ჯგუფი" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებში, რომელიც ახმეტაში, ორბელიანის ქუჩაზე მდებარეობს, შექმნის ეთერზეთების, ცხოველების საკვების და ტექსტილის ნაწარმის მწარმოებელ საწარმოებს, რისთვისაც არანაკლებ 1 200 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება. დასაქმდება 62 ადამიანი.

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა განკარგულების პროექტი „სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონით აღიარებული კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების საკითხის დარეგულირების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ", რომლითაც გათვალისწინებულია სახელმწიფო საშინაო ვალის სახით არსებული, დედაქალაქში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი დავალიანების საკითხის მოგვარების მიზნით თბილისის მუნიციპალიტეტისთვის შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფის თხოვნით მიმართვა.

საქართველოს მთავრობამ ასევე დაამტკიცა "ტექნიკური რეგლამენტის - საქონლის ხორცის და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესი". სავალდებულო ეტიკეტირების სისტემამ უნდა უზრუნველყოს კავშირის დადგენა ერთის მხრივ ტანხორცის, ტანხორცის მეოთხედსა და ხორცის ნაჭრებსა, და მეორეს მხრივ, ცალკეულ ცხოველსა ან ცხოველთა ჯგუფს შორის, ასევე ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის სარწმუნოობის (უტყუარობის) შემოწმების შესაძლებლობა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, "საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 8 000 000 ლარი გამოეყოფა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" კაპიტალის გაზრდის მიზნით. პროექტის ფარგლებში განხორციელდება სამთო-სათხილამურო კურორტების კეთილმოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეგიონების ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიზნით 2016 წლისათვის დაგეგმილი სამუშაოები.

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 1 357 000 ლარი გამოეყოფა, რომლითაც კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სოფლებში - გორის მუნიციპალიტეტის რვა და კასპის მუნიციპალიტეტის ორი სოფლისთვის წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაფინანსდება.
კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის დამატებით 1 357 000 ლარს მიიღებს.
გამყოფი ხაზის გასწვრივ, გორის მუნიციპალიტეტის რვა და კასპის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის მოსახლეობას, რომელიც 2008 წლის შემდეგ დასალევ წყალს მეზობელი სოფლებიდან, ხშირ შემთხვევაში კი გორიდან ეზიდება, ეს პრობლემა აღარ ექნება.

შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური სამსახური, იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციას და ფაქტებზე რეაგირების მექანიზმს აძლიერებს, შესაბამისი განკარგულების პროექტი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.
მთავრობის გადაწყვეტგილებით, ასევე მიღებულია „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის სახეებისა და საფასურის განსაზღვრის წესი".