საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ცვლილელები შედის ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-19

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში საწარმოების შესაქმნელად, კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის მინიმალური მოცულობა 150 000 ლარითა(ნაცვლად 250 000 ლარისა) და 75 000 დოლარით (ნაცვლად 150 000 დოლარისა) იქნება განსაზღვრული. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მისი განმარტებით, „აწარმოე საქართველოში" მიმდინარეობისას პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროებებითა და მეწარმეების კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობის მიზნით, იცვლება და უმჯობესდება პროგრამის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება.

„სახელმწიფო პროგრამაში შესწორებები შედის. ჩვენ გავითვალისწინეთ უფრო მცირე საწარმოების ინტერესები და დაბლა ვწევთ ზღვარს დასაფინანსებელი საწარმოების. სესხის მინიმალური მოცულობა იქნება 150 00 ლარის და 75 000 დოლარის ექვივალენტი,"- აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, სასტუმროების აშენება/გაფართოების პროგრამის ფარგლებში, ასევე შესაძლებელი გახდება სესხების გაცემა არა მარტო ლარში, არამედ უცხოურ ვალუტაში.

„სასტუმროების ნაწილში შემოგვაქვს უცხოურ ვალუტაში დაფინანსებაც. საბანკო სექტორმა გამოთქვა მოსაზრებები, იმისათვის, რომ გავზარდოთ ამ პროგრამაში აქტივობა, საჭირო იქნება უცხოურ ვალუტაში დაფინანსებაც, რაც უცხოურ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვისაც იქნება უკეთესი,"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური