საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

შეხვედრა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-12

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს მართავს. გიორგი კვირიკაშვილი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს, მილო ჯუკანოვიჩს შეხვდა.

მხარეებმა საქართველო-მონტენეგროს ურთიერთობების საკითხები განიხილეს და ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს და ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს.

შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. აღინიშნა საქართველოს კონტრიბუცია საერთაშორისო მისიებში და მისი როლი უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში.
მილო ჯუკანოვიჩის განაცხადებით, მონტენეგრო მოხარულია საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეული წარმატებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მილო ჯუკანოვიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მხარდაჭერისთვის.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური