საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერის პოზიცია კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შესვლის მოთხოვნასთან დაკავშირებით ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-04

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შესვლის მოთხოვნა, არსებული საკონსტიტუციო რეალობის გათვალისწინებით, არაადეკვატურია.

ნებისმიერ კრიზისზე ქვეყანაში პასუხისმგებელია მთავრობა და კრიზისული ვითარება უნდა იმართებოდეს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, რომლის მეთაურია პრემიერ-მინისტრი. კრიზისული სიტუაციების ოპერატიულად მართვისთვის მთავრობას სჭირდება ეფექტური და ქმედითი ორგანო, რასაც ამ შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო წარმოადგენს.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციები მკაფიოდ არის გამიჯნული.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს მთავრობისა და პირადად მისი მხრიდან პოლიტიკური წესრიგის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების პოლიტიკური მიზნებით გამოყენების მცდელობას.
აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური პასუხისმგებელია მართვაზე და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს თუ ინსტიტუტს, რომელიც ეფექტური მენეჯმენტისთვის არის საჭირო. ძველი კონსტიტუციით, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური იყო პრეზიდენტი, ბუნებრივია, რომ უშიშროების საბჭოში იყო აკუმულირებული ყველა ფუნქცია. დღევანდელი კონსტიტუციით, თუ კრიზისი გადადის საგანგებო მდგომარეობაში, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გადაწყვეტილებების ნაწილის მიღება უშიშროების საბჭოს ფორმატში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური