საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-03

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ინსტიტუციური დემოკრატიისთვის კონსტიტუციურ პროცესს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. 

დღეს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომას დაესწრო და საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, ყოველწლიური ანგარიში მოისმინა.

"საინტერესო გამოსვლა იყო, ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტი იყო დასმული. სასიამოვნოა, რომ პრეზიდენტი მიესალმა ოთხ პუნქტიან რეფორმების პროგრამას, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. აზრთა თანხვედრა ამ საკითხში ნამდვილად მისასალმებელია. ზოგადად, ინსტიტუციური დემოკრატიის მნიშვნელობისთვის ამ კონსტიტუციურ პროცესს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ჩვენი ინვესტორებისთვის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის საჭიროა საქართველოს სოლიდურად წარმოჩენა.შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი რაც უფრო ნორმალიზებული იქნება, მით უფრო კარგია საქართველოს, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო იმიჯისთვის," - აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომას საქართველოს მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური