საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2016-01-28

საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმა, დამწყები ბიზნესის დაფინანსების მექანიზმები, მმართველობის რეფორმა, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების და საგანმანათლებლო სისტემის რეფორმა, - მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმის გეგმაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სავაჭრო პალატის მე-11 საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე ისაუბრა. 

როგორც პრემიერმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ღონისძიებაზე იყო, როგორც სხვადასხვა სახის კითხვები, ასევე - შეთავაზებები. 

"საუბარი იყო გარკვეულ შეთავაზებებზე, რომ საგადასახადო სისტემაში სხვადასხვა საკითხი შეიცვალოს, მათ შორის - საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმირების კუთხით. ჩვენ ამ რეფორმებს ვგეგმავთ, გვინდა, რომ მაქსიმალურად მეტი ლიბერალიზაცია გავაკეთოთ, საგადასახადო სისტემა გავაუმჯობესოთ და საგადასახადო შემოწმებების რეგლამენტირება მოვახდინოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემოწმება დროში იყოს რეგლამენტირებული და შემოსავლების სამსახურის ინსპექტორმა იცოდეს, რა რეგლამენტით მოქმედებს", - განაცხადა გიორგი  კვირიკაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზეც: 

„ამ მხრივ ხარვეზებზე არ არის საუბარი. ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ჩამოყალიბებული ტრადიცია და წესები ალბათ საჭიროებს გარკვეულ ცვლილებებს, იმისთვის, რომ ჩვენ დავაჩქაროთ პროექტები. საუბარია იმ ძირითადი ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რაც არის ავტობანი, რამდენი გზა:  მცხეთა-ლარსის გზა, ქუთაისი-სვანეთის დამაკავშირებელი გზა, გოდერძის გზა, რუსთავი-სადახლო, რუსთავის წითელი ხიდის გზები, ის ჩონჩხური ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია, რათა ბიზნესი ჩქარა განვითარდეს და მოხდეს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის რეალიზება. საუბარია ამ პროექტების მაქსიმალურად დაჩქარებულ შესრულებაზე. მე გავდივარ კონსულტაციებს სხვადასხვა კომპანიასთან, ასევე საინჟინრო სფეროს წარმომადგენლებთან და უახლოეს პერიოდში ამაზე მექნება უფრო კონკრეტული საუბარი," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური