საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2016-01-28

საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცაზე მსჯელობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.
"რა თქმა უნდა, ამაზე ვმსჯელობთ. საგადასახადო რეფორმის, ანუ ესტონურ მოდელზე გადასვლის ერთ-ერთი კომპონენტი საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცაა და ეს აუცილებლად იქნება ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ამ საგადასახადო რეფორმის, რაც თავის მხრივ, ლარის კურსზეც დადებით ეფექტს მოიტანს", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ჰააგის სასამართლოს მიერ, აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესის დაწყებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან კარგი და ეს არის საშუალება იმისა, რომ საქართველოში ჩატარებული გამოძიების შედეგად დაგროვილი მასალების სასამართლოსთვის წარდგენა მოხდეს.

"ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ ეს პროცესი დაიწყო. ეს არის საშუალება იმისა, რომ ჩვენ ყველა ის მასალა, რომელიც დაგროვილი გვაქვს საქართველოში ჩატარებული გამოძიების შედეგად, წარვუდგინოთ სასამართლოს და რა თქმა უნდა მაქსიმალურად დავიცვათ საქართველოს ინტერესები", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური