საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-01-26

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სხდომის მოსამზადებელი პროცესი, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შეხვედრის მთავარი თემები.
დელეგაციის ხელმძღვანელ კრისტიან ვიგენინის და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივან რობერტო მონტელას პრემიერმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

საუბარი შეეხო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებს და კონფლიქტის მოგვარების პროცესის მიმდინარეობას. შეხვედრაზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, ასევე, განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სამზადისი. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ არჩევნები, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ღია და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება.

შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო მზადება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სხდომისთვის, რომელსაც თბილისი 2016 წლის 1-5 ივლისს უმასპინძლებს. ღონისძიებაში 50-ზე მეტი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია, 700-მდე პოლიტიკოსი მიიღებს მონაწილეობას.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების ყველა შტო კოორდინირებულად იმოქმედებს, რათა აღნიშნული მასშტაბური ღონისძიება შესაბამის დონეზე ჩატარდეს
.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური