საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი ლარის კურსთან დაკავშირებით ამოსაბეჭდი ვერსია

2016-01-26

„მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რა ინსტრუმენტებიც მის ხელშია, მათ შორის ეროვნულ ბანკთან ძალიან კარგი კოორდინაციით, რომ ამ ეფექტების მინიმიზაცია მოხდეს" - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეროვნული ვალუტის გაუფასურების საკითხზე კომენტირებისას გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ლარის დევალვაცია მეზობელ ქვეყნებში ნავთობის ფასების დაცემით არის გამოწვეული და ამას არანაირი შიდა მიზეზები არ გააჩნია.

"ის რაც დღეს არის - დევალვაცია, პირდაპირი შედეგია იმ დევალვაციის, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ხდება ნავთობის ფასების დაცემის გამო. ამ მოვლენებს შორის პირდაპირი კავშირია, არანაირი შიდა მიზეზები ამას არ გააჩნია. ჩვენ ვართ ინტეგრირებული ამ ბაზარზე და შეუძლებელია რომ ეს არ აისახოს საქართველოს სავალუტო კურსზე. თუმცა ჩვენ გვაქვს კონკრეტული, გაწერილი ნაბიჯები, თუ როგორ შეიძლება შევამციროთ ან შევამსუბუქოთ გარე მოვლენების ეფექტი. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს არის ძალიან მტკივნეული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რაც კი არის მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური