საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ნილს სკოტს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-01-26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ნილს სკოტს და მთავრობის ადმინისტრაციის კონსულტანტს, მაღალი დონის საერთაშორისო ექსპერტ ედ მელკერტს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემები  იყო საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები და  უახლოეს პერიოდში დაგეგმილი რეფორმები, რომელთა შესახებ პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარება, საგადასახადო რეფორმა, რეგიონალური განვითარება და ინფრასტრუქტურა და განათლების რეფორმა საქართველოს მთავრობის უახლოესი მომავლის ძირითადი პრიორიტეტებია.

პრემიერი ასევე შეეხო სოციალური დახმარებისა და დასაქმების ახალი მექანიზმების შექმნას, ასევე, კოორდინაციის სქემებს.

შეხვედრისას წარმატებულად შეფასდა მთავრობის ადმინისტრაციის დონორთა კოორდინაციის სამსახურის საქმიანობა, რომლის ძალისხმევით დამტკიცდა საგარეო დახმარების კოორდინაციის წესი, შემუშავდა და დაინერგა საკოორდინაციო მექანიზმები, შეიქმნა საგარეო დახმარების ერთიანი ბაზა.

საუბარი ასევე შეეხო გენერალური ფორუმების როლს, რომელსაც დონორთა კოორდინაციის სამსახური ყოველთვიურად მართავს. ერთ-ერთი ასეთი ფორუმი, რომელიც დღეს ტარდება, სრულად ეხმიანება საქართველოს მთავრობის გეგმებისა და ქვეყნის განვითარების სტრატეგიის შესაბამისობას გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებთან. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას დღეს კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ, გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებთან თანხვედრის მიმართულებით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერია.

პრემიერმა დონორთა კოორდინაციის სამსახურის მხარდაჭერისთვის ედ მელკერტს მადლობა გადაუხადა და თხოვნით მიმართა, მომავალშიც აქტიურად იყოს ჩართული კოორდინაციის პროცესში.

პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და დონორთა კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელი თამარ რაზმაძე დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური