საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა დავოსში ვიზიტის შედეგები შეაჯამა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-01-22

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსში ვიზიტის შედეგები შეაჯამა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. როგორც დავოსიდან გამომგზავრებამდე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, გაიმართა არაერთი საინტერესო შეხვედრა პოლიტიკურ ლიდერებთან,  სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტისა და ბიზნესკომპანიის წარმომადგენლებთან. 

"საუბარი გვქონდა საქართველოში დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე მივიღე რამოდენიმე საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა და ჩვენ გავაცანით ჩვენი რეფორმების გეგმა. ძალიან დადებითად იქნა აღქმული ყველა ჩვენი პარტნიორის მხრიდან, მათ შორის საფინანსო ინსტიტუტებმა აღგვითქვეს დახმარება ამ რეფორმების განხორციელებაში. ეს გეგმა როგორც უკვე გამოვაცხადეთ, არის საგადასახადო ლიბერალიზაცია, არის მმართველობის სისტემის რეფორმა, ეს არის ინფრასტრუქტურული და რეგიონული განვითარების დაჩქარება და ასევე განათლების ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები," - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ილჰამ ალიევი საქართველოს ეწვევა. 

„შეხვედრამ ჩაიარა ძალიან მეგობრულ და თბილ ატმოსფეროში. ნამდვილად არ გვქონია საუბარი გაზის მოწოდების საკითხებზე. აღინიშნა მხოლოდ, რომ  ეს არის, სუფთა ტექნიკური ხასიათის საკითხი და არანაირი გაუგებრობა ჩვენს სახელმწიფოებს შორის არ არსებობს.  პირიქით, ჩვენ გვაქვს ძალიან ოპტიმისტური განწყობა, რომ იმ საერთო პროექტებით, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ, ეს არის აბრეშუმის გზის პროექტი,  ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ახალ წყაროს შევქმნით  ორივე ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის. ამასთან, შევთანხმდით, რომ ბატონი ალიევი უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევა. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობები. რაც შეეხება გაზის მოწოდების საკითხს, უამრავი სპეკულაცია, უამრავი ბრალდება მოვისმინე კონკრეტულად კახი კალაძის და მთავრობის  მისამართით. მინდა ვთქვა, რომ მთავრობა მოწოდებულია, მაქსიმალურად დაიცვას ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ეს არის წმინდა სახის ტექნიკური ხასიათის მოლაპარაკებები და არავითარი პოლიტიკური დატვირთვა ამას არ გააჩნია," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

გარდა ამისა, პრემიერმა მედიასთან ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციაც შეაფასა. მისი თქმით, რეზოლუციის 80 % დადებითი იყო.

„ვფიქრობ, რომ კარგი კომუნიკაციით ჩვენ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს. ის საკითხები, რომლებიც იქ ეწერა, ვფიქრობ, უკვე ჩავლილი საკითხებია. "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, შეშფოთების მიზეზი მოხსნილია და ეს ჩვეულებრივი სასამართლო განხილვის თემაა. მთავარია იყოს გამჭვირვალე პროცესი. ჩვენთვის მედიის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის უმაღლესი პრიორიტეტი ჩვენთვის. განსაკუთრებით წინასაარჩევნო წელს არანაირი ეჭვები ამ მიმართულებით არ უნდა არსებობდეს. ვფიქრობ, დღეს ვართ იმ სიტუაციაში, რომ არანაირი შეშფოთების საფუძველს არ გაგვაჩნია," - დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა.  

მისივე განმარტებით, ქვეყანაში პროგრესი სახეზეა და გრძელდება ყოვლისმომცველი რეფორმების კურსი, რათა "იუსტიციის, სასჯელაღსრულების, პროკურატურის სისტემის, ასევე სამართალდამცავი ინსტიტუტების რეფორმა კიდევ უფრო გაღრმავდეს და მაქსიმალურად მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს." 

პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს ვარშავის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზეც ესაუბრა.  

„მე ვფიქრობ, რომ ვარშავის სამიტზე ნამდვილად უნდა დაფიქსირდეს ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. განსაკუთრებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის სამხედრო ნაწილში ჩვენი სამხედრო შენაერთების თავსებადობა ნატოს სამხედრო შენაერთებთან არის ფაქტიურად იდეალური. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესული ნაბიჯები გადაიდგა. შემდგომი აქცენტირება უნდა გაკეთდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე და ჩვენ ამ მიმართულებით თანამშრომლობის უფრო ღრმა ფორმატს ველოდებით - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური