საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან   ამოსაბეჭდი ვერსია

2016-01-21

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა საქართველოს ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს და მიღწეული პროგრესი შეაფასეს. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ბოლო წლებში, საქართველომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან დაახლოების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
 
"ეს იყო ბრწყინვალე შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა, მას შემდეგ რაც გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა, თუმცა მე მას ვიცნობდი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს, დღეს კი მომეცა შესაძლებლობა გამეცნო ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი. ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბრეთ მოახლოებულ ვარშავის სამიტზე. ასევე ვისაუბრეთ მომავალ თავდაცვის მინისტერიალზე, რომელიც გაიმართება თებერვალში და სადაც შედგება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც. ეს იყო ბრწყინვალე შეხვედრა და მე ვგეგმავ საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას "- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური