საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების მილოცვები ამოსაბეჭდი ვერსია

2016-01-12

საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარებისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავენ.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ლორან ფაბიუსის და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მისალოცი წერილები მიიღო.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილს წარმატებულ საქმიანობას უსურვებს და მასთან პარიზში გამართულ შეხვედრას იხსენებს.

„საუკეთესო მოგონება დამრჩა გასული წლის 23 სექტემბერს პარიზში ჩვენს შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრად თქვენი დანიშვნიდან მცირე ხნის შემდეგ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ამ სტატუსით პირველად სტუმრობდით. ამ შეხვედრის ხარისხმა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართ თქვენმა კონსტრუქციულმა შეხედულებამ ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული პრივილეგირებული ურთიერთობა დაადასტურა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, საფრანგეთი მხარს დაუჭერს თქვენს მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ პრიორიტეტებს, რომელთა მიზანია საქართველოში დემოკრატიის დამკვიდრება, ეკონომიკის მოდერნიზაცია და სოციალური პროგრესი. ეჭვი არ მეპარება, რომ ახალი და მეტად მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულებისას ყოველთვის შეეცდებით საფრანგეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, კერძოდ, ეკონომიკური ურთიერთგაცვლის განვითარების მეშვეობით", - ნათქვამია ლორან ფაბიუსის მილოცვაში.

გიორგი კვირიკაშვილთან საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში გამართულ შეხვედრებს იხსენებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ხაზს უსვამს გერმანულ-ქართული ურთიერთობებისა და ორმხრივი ეკონომიკური კონტაქტების ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ მოხარული იქნება, თუ გიორგი კვირიკაშვილს მალე კვლავ შეხვდება.

„ჩვენი ორი შეხვედრა საუკეთესოდ აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში - თქვენი პრაგმატული რეალიზმი ნამდვილად დადებით შედეგს მოგიტანთ, იქნება ეს ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებისას თუ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ფრთხილი საგარეო პოლიტიკის წარმოებისას. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება და სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ ახლახან გამოქვეყნებული დადებითი მოხსენება ქვაკუთხედია საქართველოსთვის, რომლის დადებითი ეფექტის გამყარება ჩვენი საერთო მიზანია", - ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მილოცვაში.