საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

მთავრობამ განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-01-11

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელეს გაფართოებულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტმა, მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის მიმდინარეობა და 2016 წელს განსახორციელებელი პროექტები პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ევროპასთან ინტეგრაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებთან ერთად განიხილა.

გაფართოებული შეხვედრისას გამოითქვა მოსაზრებები, როგორ შეიძლება, სახელმწიფო პოლიტიკა უფრო ეფექტური და დევნილთა საჭიროებებზე მეტად ორიენტირებული იყოს.

საუბრისას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად დასახელდა დევნილებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა - საცხოვრებლის, საარსებო წყაროებისა და განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით.

პრემიერმა ასევე მოისმინა ინფორმაცია სამინისტროს სამომავლო გეგმების შესახებ. პრეზენტაცია სამუშაო შეხვედრაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა წარადგინა.

პრემიერ-მინისტრმა მსგავს ფორმატში შეხვედრა რამდენიმე მიმართულებით გამართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა უკვე იმსჯელეს იმ პროექტების შესახებ, რომლებსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების, ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სამინისტროები ახორციელებენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური