საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა წლის საუკეთესო სპორტსმენი დააჯილდოვა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-01-06

2015 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მსოფლიო ჩემპიონმა თავისუფალ ჭიდაობაში, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოიპოვა, - გამარჯვებული დღეს სპორტის ახალ სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დააჯილდოვა.

პრემიერმა სპორტსმენებს წარმატებული 2015 წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ პირადად გულშემატკივრობდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, რომელმაც ლას-ვეგასში, ურთულეს ორთაბრძოლაში გაიმარჯვა.

„მინდა, მივესალმო ჩვენს სასიქადულო თანამემამულეებს, რომლებმაც არაერთხელ გვასწავლეს, რა არის სამშობლოს სიყვარული, სიამაყის გრძნობა. ძალიან მიხარია, რომ 2015 წელს ჩატარდა არაერთი მნიშვნელოვანი ტურნირი, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. საქართველოში აშენდა ახალი ინფრასტრუქტურა და ეს იმის საწინდარია, რომ ჩვენ გვეყოლება უფრო ჯანმრთელი ახალი თაობა, კიდევ უფრო მეტი სასახელო სპორტსმენი. სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, ერთ სულ მოსახლეზე მედლების რაოდენობით საქართველო ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია, თუ არა ყველაზე პირველი. ჩვენ, მთავრობა, ვეცდებით, ეკონომიკა დავაწიოთ სპორტს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჯილდოები კიდევ 9 ნომინაციაში გამარჯვებულებს გადაეცათ. ასევე, დაწესებული იყო 5 სპეციალური პრიზი. დაჯილდოების ცერემონიაში მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიებაზე 2015 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. ცერემონიას მთავრობის წევრები, სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური