პრემიერ-მინისტრის საახალწლო მიმართვა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-12-31

2016 წელს ვხვდებით ახალი რეალობით - საქართველომ გადადგა ისტორიული ნაბიჯები ევროპასთან დაახლოების გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა. მთავრობის თავმჯდომარემ ქვეყნის მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა და დარწმუნებით აღნიშნა, რომ ჩვენს ოჯახებს უკეთესი ხვალინდელი დღე ექნებათ. "მეგობრებო გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას თქვენ, თქვენს ოჯახებს, თქვენთვის ძვირფას ყველა ადამიანს. ახალ წელს გილოცავთ ყველას, ვინც ყოველდღიურად და შესაძლოა, ამ წუთებშიც ასრულებთ სამსახურეობრივ მოვალობას! განსაკუთრებით ვულოცავ საერთაშორისო მისიების მონაწილე სამხედროებს, რომლებიც სამშობლოდან შორს საქართველოს ინტერესებს იცავენ, ასევე უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. ახალ წელს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მეგობარს, ვინც საქართველოს გვერდით უდგას და გულშემატკივრობს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აფხაზ და ოს თანამოქალაქეებსაც მიმართა და მათ კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველოს ყველა მიღწევა მათი მიღწევაცაა. "მივმართავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს! მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს ყველა მიღწევა, ყველა წარმატება თქვენიც არის, თუმცა, მხოლოდ ჩვენი ერთიანობით იქნება ეს წარმატება სრულყოფილი.

2016 წელს ვხვდებით ახალი რეალობით - საქართველომ გადადგა ისტორიული ნაბიჯები ევროპასთან დაახლოების გზაზე. სწორედ ამიტომ, უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენ ავაშენებთ ქვეყანას, სადაც ჩვენს ოჯახებს, ჩვენს შვილებს უკეთესი ხვალინდელი დღე ექნებათ", - განმარტა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა დამდეგი ახალი წელი განსაკუთრებით ახალგაზრდებს მიულოცა და განმარტა, რომ 2016 წელი მათი წარმატებების წელი იქნება. "თქვენშია ყველაზე დიდი პოტენციალი და ჩვენ თქვენს ყველა წამოწყებას და იდეას გვერდით დავუდგებით. მჯერა, რომ საქართველოს სიძლიერე სწორედ თითოეული თქვენთაგანის წარმატებაზეა დამოკიდებული", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერის თქმით, მიუხედავად სიძნელეებისა, ჩვენი სამშობლო აუცილებლად გახდება წელში გამართული, ეკონომიკურად ძლიერი. "საქართველო იქნება შესაძლებლობების ქვეყანა, თავისუფალი მოქალაქეების ქვეყანა, სადაც ყველა შეძლებს საკუთარი თავის, საკუთარი იდეების რეალიზებას, სადაც ქვეყნის წარმატება დამოკიდებული იქნება თითოეული ჩვენგანის შრომაზე. ამისთვის საჭიროა ერთადერთი რამ, რომ თითოეულ ჩვენთაგანში არსებული უზარმაზარი დადებითი მუხტი მივმართოთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისკენ - ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისკენ. ყველას გისურვებთ სიმშვიდეს, მიმტევებლობას, ერთმანეთის სიყვარულს და უკეთესი მომავლის რწმენას, რაც ყველას ასე ძალიან გვჭირდება. მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.