საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის მილოცვა ებრაელ ხალხს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-12-06

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მთავარ სინაგოგაში შეკრებილ ებრაულ თემს ხანუქას - მტერზე გამარჯვებისა და ტაძრის გაწმენდის - დღესასწაული მიულოცა და პირველი სანთელი აანთო.
მთავრობის მეთაურმა დამსწრეთ სიტყვით მიმართა. მან ქართველებსა და ებრაელებს შორის არსებულ საერთო ღირებულებებზე ისაუბრა, რაც მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის საფუძველი გახდა. პრემიერ-მინისტრმა ებრაელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
"მნიშვნელოვანია, რომ ქართველებს და ებრალებს შორის არსებობდეს მუდმივი ძმობა და სიყვარული. დღევანდელი დღე არის სინათლის სიბნელეზე და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღე. მინდა გისურვოთ მშვიდობა; ჩვენ საკმაოდ რთულ პერიოდში გვიწევს ცხოვრება, ამიტომ გვმართებს დიდი მოთმინება და გონიერება. ვუსურვებ ებრაელ ხალხს გაძლიერებას და მშვიდობას ქართველ ხალხთან ერთად. დაე, დღეს აქ დანთებული სანთელი იყოს სიმბოლო უკეთესი ხვალინდელი დღის,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოში მცხოვრები ებრაელები, ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი, თბილისის მერი დავით ნარმანია და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე დაესწრნენ.