საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ენერგეტიკული ქარტიის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ამოსაბეჭდი ვერსია

2015-12-04

ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით მიმართა. ენერგეტიკული ქარტიის წევრების მორიგი შეხვედრა წელს თბილისში ტარდება და მასზე რეგიონში ელექტროენერგიის ტრანზიტისა და ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის საკითხები, ასევე სატრანზიტო ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების თემები განიხილება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზრებზე ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება, დღითი დღე იზრდება ენერგეტიკულ რესურსებზე მოთხოვნა.
,,ამ ვითარებაში დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა ენერგორესურსებზე მზარდი დამოკიდებულება, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მსოფლიოს ეკონომიკურ განვითარებას და თითოეული ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ, ყველა სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა ენერგოდივერსიფიკაციის ახალი გზებისა და საშუალებების მოძიება. ენერგეტიკული უსაფრთხოების მაღალი ხარისხის მიღწევა კი შეუძლებელია რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების გარეშე,"-განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, საქართველოს, როგორც ენერგეტიკული ქარტიის თავმჯდომარე ქვეყნის, ინიციატივა იყო სამხრეთ კავკასიაში ელექტროენერგიით ვაჭრობის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება.
პრემიერმა წარმატებული რეგიონალური თანამშრომლობის მაგალითად ბაქო-თბილისი-სუფსის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ,,სამხრეთ კავკასიური გაზსადენის'' პროექტები დაასახელა. მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ,,სამხრეთ კავკასიური გაზსადენის" სისტემის გაფართოების პროექტი, რომელიც ,,სამხრეთ გაზის დერეფნის" ამოქმედებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირისთვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვანი ფუნქცია გააჩნია, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად.
"ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ „აშხაბადის დეკლარაციას", მივესალმებით ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობას და ვმონაწილეობთ ევროკავშირის ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც ამ პროექტის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. ასევე მიგვაჩნია, რომ რეგიონალური და ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი სატრანზიტო პროექტების განხორციელება, როგორიცაა „ევრო-აზიის ნავთობის სატრანსპორტო დერეფანი" (EAOTC), გათხევადებული გაზის მიწოდების აზერბაიჯან-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორი (AGRI LNG) და „თეთრი ნაკადი","-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული „ასოცირების შესახებ შეთანხმების" განხორციელების მნიშვნელობას, რომელიც ეკონომიკის სხვა სფეროებთან ერთად გულისხმობს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებას ენერგეტიკის სფეროშიც.

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეეხო კლიმატის ცვლილებების პრობლემის გადაჭრის გზებს და განაცხადა, რომ ქვეყნის სუფთა ენერგიით უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისება.
"საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით. ჩვენ გვაქვს ქარის, მზის, ბიომასისა და გეოთერმული წყლების ენერგიის პოტენციალიც, რაც საშუალებას იძლევა შეიქმნას დამატებითი სიმძლავრეები ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების საშუალებით. ამიტომაც ჩვენ ვმუშაობთ საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებისთვის, რაც გულისხმობს სტაბილური, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული სამართლებრივი ბაზის შექმნას,"-დასძინა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური