საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ნატოს მინისტერიალს გამოეხმაურა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-12-01

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს მინისტერიალს გამოეხმაურა, რომელიც ბრიუსელში ხვალ გაიმართება. მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.

„ეს შეიძლება იყოს ხვალ, ზეგ ან მაზეგ - ამის დღეს განსჯა საკმაოდ რთულია, ვითვალისწინებთ რა იმ რეალობას, რომელშიც ვიმყოფებით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს პარიზში.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ელოდება ნატოს ვარშავის სამიტს და ამ ეტაპზე მოსახლეობისთვის განსაკუთრებული მოლოდინების შექმნა არ სურს.

„ეს არის ნატოს გენერალური მდივნის და პარტნიორი ქვეყნების რეკომენდაციაც, რომ მოსახლეობა წინასწარ არ შევიყვანოთ შეცდომაში, ან ერთმანეთს არ შევუქმნათ მოლოდინები, იმედები და შემდეგ არ გავუმტყუნოთ. საჭიროა, მშვიდად მივყვეთ პროცესებს, რაც ჩვენი მხრიდან არის გასაკეთებელი, ზედმიწევნით კარგად ვაკეთებთ, არ გვაქვს არავითარი ჩამორჩენა", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მიჰყვება უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის გეგმას, რომელიც დროშია გაწერილი და ყველა ვალდებულება ეფექტურად სრულდება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დანარჩენი დამოკიდებულია გლობალურ ვითარებაზე, რომელიც არსებობს რეგიონში.

„დღეს მსოფლიო განსხვავებულია, ვიდრე იყო თუნდაც გასულ წელს. ყველა რეალური ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ და არ მოვატყუოთ ერთმანეთი. ჩვენ სრულად მივყვებით დასახულ გეგმას, მაგრამ რაც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება, ვერ გავაკეთებთ. რაც არის ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების, თავად ნატოს გადასაწყვეტი, ამას ჩვენ ვერ გავაკეთებთ. ამიტომ მინდა ყველას მოვუწოდო, ამ საკითხზე არ არის საჭირო ზედმეტი აჟიოტაჟის და ცრუ მოლოდინების შექმნა. ჩვენ მშვიდად უნდა მივყვეთ პროცესს და ყველამ თავისი საქმე აკეთოს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური