საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

2016 წლის ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული იქნება ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-27

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე 2016 წლის ბიუჯეტის გადანაწილების შესახებ ინფორმაცია წარადგინა. მისი თქმით, ხელისუფლება ასრულებს დანაპირებს- 2016 წლის ბიუჯეტი იქნება სოციალურად ორიენტირებული და გაიზრდება ხარჯები ამ მიმართულებით.

„თუ 2012 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯები შეადგენდა 1.8 მილიარდ ლარს, 2016 წელს იგი გადააჭარბებს 3 მილიარდ ლარს, თითქმის გაორმაგებულია. მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეუფერხებელი განხორციელებისათვის გამოყოფილია 570 მილიონ ლარამდე. დღეს ყველა მოქალაქე არის დაზღვეული და სახელმწიფო ფარავს მათი მკურნალობის ხარჯებს,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, დევნილთა განსახლების ღონისძიებებისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 85 მილიონი ლარი, მაშინ როდესაც სამინისტროს ბიუჯეტი 2012 წელს 25 მილიონ ლარს შეადგენდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების სისტემის ბიუჯეტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მიმართულების შემდეგ, ყველაზე დიდი ფინანსური რესურსი განათლებაში იქნება მიმართული.
„ამისათვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 1 მილიარდ ლარამდე. 2012 წელთან შედარებით 2016 წელს 55 %-ით იქნება გაზრდილი განათლების სისტემის ბიუჯეტი. განსაკუთრებით მინდა შევეხო მასწავლებლების ხელფასის საკითხს. 2015 წლის 1 აპრილიდან განხორციელდა პედაგოგთა ხელფასების ზრდის მეორე ეტაპი და საბაზო ხელფასი გაიზარდა 405 ლარამდე. საშუალო ხელფასი 2016 წლისათვის, 2012 წელთან შედარებით, ჯამში გაიზრდება 70 პროცენტით. ასევე გაიზარდა მეცნიერთა ხელფასები,"-განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური