საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი ბრიჯიტ ბრინკის შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-20

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და მიმდინარე საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, ბრიჯიტ ბრინკის შეხვედრაზე.

საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში. აღინიშნა, რომ აშშ-ი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მხარეები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ეს ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდეს.

ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში მიღწეულ პროგრესს და ქვეყანაში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებს.

შეხვედრაზე საერთაშორისო გლობალური უსაფრთხოების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე. ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს საერთაშორისო მისიებში. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბრიჯიტ ბრინკს აშშ-ის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში თანადგომისთვის და იმედი გამოთქვა, რომ არსებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური