საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის მილოცვა პოლონეთის ახლად დანიშნულ პრემიერს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-18

თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო პრემიერ-მინისტრო,

ნება მიბოძეთ, საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად მოგილოცოთ პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და გისურვოთ წარმატებები თქვენს მომავალ საპასუხისმგებლო საქმიანობაში.

შთამბეჭდავი, ისტორიული გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც „სამართალი და სამართლიანობის" პარტიას აბსოლუტური უმრავლესობით მართვის შესაძლებლობას აძლევს, ნათლად ასახავს პოლონელი ხალხის თქვენდამი არსებულ უდიდეს ნდობას.

მსურს, განსაკუთრებული კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ წარმატებით ვითარდება საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის ტრადიციულად ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები როგორც სახელისუფლებო, ისე ხალხთაშორის დონეზე. დარწმუნებული ვარ, რომ ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დამყარებული ორმხრივი თანამშრომლობა, თქვენი მმართველობის პერიოდში, კიდევ უფრო გაღრმავდება. აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო მადლიერება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე პოლონეთის მიერ გაწეული აქტიური დახმარებისათვის. მჯერა, რომ თქვენი ხელმძღვანელობით პოლონეთის მთავრობის თანადგომა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროპულ ოჯახთან დაახლოების შემდგომ პროცესს.

ძვირფასო კოლეგავ, კიდევ ერთხელ, გულითადად გილოცავთ ახალ თანამდებობაზე დანიშვნას დაგიდასტურებთ თქვენდამი ჩემს ღრმა პატივისცემას.

ირაკლი ღარიბაშვილი

პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს
მის აღმატებულება ქ-ნ ბეატა შჩიდლოს