საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ჩინეთის ელჩთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-18

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ იუე ბინთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები განსაკუთრებით განვითარდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩს ორი ქვეყნის მეგობრობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ოქროს საწმისის ორდენი გადასცა.

დიპლომატმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს უსახსოვრა სიმბოლური საჩუქარი - ხომალდი, ჩინური წარწერით „კეთილდღეობა" და აღნიშნა, რომ ის ჩინეთში წარმატებისა და წინსვლის სიმბოლოა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ იუე ბინს, რომელიც საქართველოში ორი წლისა და ორი თვის განმავლობაში მსახურობდა, საქმიანობის ვადა კვირის ბოლოს ეწურება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური