საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-17

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეორე სხდომა, სადაც საქართველოს მთავრობის წევრებმა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის ფარგლებში გატარებული რეფორმებისა და ერთწლიანი მუშაობის სრული ანგარიში წარადგინეს.

ასოცირების საბჭო აღიარებს საქართველოს ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და მიესალმება საქართველოს პროგრესს ვიზალიბერალიზაციის გზაზე.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ორმხრივი შეხვედრა გამართა ევროკომისიის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ფრანს ტიმერმანსთან. რაც შეეხება შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკი თურქეთში იმყოფება, სადაც მისი ვიზიტი დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა.

საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა პაქარეიშვილი, თბილისში დღეს დაბრუნდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური