საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-16

ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, ფრანს ტიმერმანსს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ასოცირების შეთანხმებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესზე.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპული მომავალი ქართველი ხალხის არჩევანია, ამიტომ ხელისუფლების ურყევი გადაწყვეტილება იყო, წარმატებით და დროულად განხორციელებულიყო ყველა ის რეფორმა, რაც ხელს შეუწყობს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.
საუბარი ასევე შეეხო დოკუმენტს, რომელიც მოიცავს ევროკავშირის ახალ მიდგომას სამეზობლო პოლიტიკისადმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დიფერენციაციის მნიშვნელობას მაღალი ამბიციების მქონე ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა.

ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა გამოხატა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოსადმი და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის პროცესებში მიღწეულ პროგრესს.
შეხვედრაზე ისაუბრეს მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებზე და ტერორიზმთან ბრძოლაში საერთაშორისო ძალისხმევის მნიშვნელობაზე. მხარეებმა მწუხარება გამოთქვეს საფრანგეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური