საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-10

3

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სტრატეგიული საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ფედერიკა მოგერინის პირისპირ შეხვედრაზე.

მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტებზე, ასოცირების შეთანხმების განხორციელებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების მნიშვნელობაზე.

მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სავიზო დიალოგის წარმატებით დასრულება საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ მაქსიმალური ძალისხმევა გასწია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის შესასრულებლად.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და კონფლიქტურ რეგიონებში ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ფედერიკა მოგერინს განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი შეაფასა, როგორც ევროკავშირის მხარდაჭერის დადასტურება.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური