საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის გახსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-10

"განათლება არის ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რადგან განათლებული თაობის გარეშე ჩვენთვის წარმოუდგენელია როგორ უნდა შევძლოთ, ისეთი სიძნელეების გადალახვა, როგორიც არის უმუშევრობა, ეკონომიკა. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავრობა კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს მეცნიერების ხელშეწყობას," - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული გახსნა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დარბაზში შეკრებილ სტუმრებს, სხვადასხვა უნივერსიტეტების რექტორებს, პროფესორებს სიტყვით მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წლიდან თბილისი და მთლიანად საქართველო უმასპინძლებს მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალს და შეუერთდება მსოფლიოს იმ წამყვან ქალაქებს, რომლებშიც ტარდება მსგავსი ფესტივალები.

„მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ფონდი „ქართუს" დაფინანსებით და ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის - ცერნის მონაწილეობით ხორციელდება ნახევარი მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება ჩვენი ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, მსოფლიო მეცნიერების უახლესი მიღწევების გაცნობასთან ერთად, აუცილებლად გავიხსენებთ ჩვენს დიდ მეცნიერებს და ახალგაზრდა თაობას გავუღვივებთ ინტერესს, რომ სხვადასხვა თაობის ერთობით, შევძლებთ გავხდეთ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცის სრულუფლებიანი წევრი." - განაცხადა მთავრობის მეთაურმა და აღნიშნა, რომ სულ მალე ხელი მოეწერება ,,ევროკავშირის პროგრამის - ჰორიზონტ 2020-ის ასოცირებული წევრობის შესახებ" ხელშეკრულებას, რაც ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო გააღრმაონ საერთაშორისო თანამშრომლობა, მოიზიდონ დამატებითი თანხები და აწარმოონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევები.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას იმ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც საქართველოს მთავრობამ განათლების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით გადადგა. „დავაფუძნეთ ინოვაციებისა და ტექნოლოგიის განვითარების სააგენტო, რომელიც არის უნიკალური. ასევე გავხსენით სან დიეგოს უნივერსიტეტის ფილიალი, რომლის საშუალებითაც პირველად საქართველოში ქართველი სტუდენტები მიიღებენ სან დიეგოს უნივერსიტეტის დიპლომს," - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა სტუმრებთან ერთად ცერნის ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის მოძრავი გამოფენა დაათვალიერა, რომელიც კავკასიის რეგიონში პირველად იმართება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური