საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

თადეოზ გურამიშვილის მარნის გახსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-08

 

საგურამოში ახალმა ტურისტულმა ობიექტმა დაიწყო ფუნქციონირება - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თადეოზ გურამიშვილის რესტავრირებულ-აღდგენილი მარანი გახსნა. პროექტი მცხეთის რაიონში, საგურამოში კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობამ" განახორციელა. ტურისტებს საშუალება ექნებათ იხილონ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძველესი ძეგლი - თადეოზ გურამიშვილის მარანი, ასევე გაეცნონ ქართულ კულტურას და დააგემოვნონ ქართული ღვინო. პროექტი ასევე მოიცავს მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ ღვინის გადამამუშავებელ საცავს, სადეგუსტაციო დარბაზს და სხვა ინფრასტრუქტურას.

პროექტისთვის კომპანია „კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ" 1 700 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. ილია ჭავჭავაძისეული სავენახე მიწის ნაკვეთები, რომლებიც გადაეცა კომპანიას, ყურძნის უძველესი ქართული ჯიშების აღდგენასა და განვითარებას მოემსახურება. კომპანიამ უკვე გააშენა იშვიათი და მივიწყებული ქართული ჯიშის ვენახი, კეთილმოაწყო ტერიტორია და აღჭურვა თანამედროვე წყალმომარაგების სისტემით.

თადეოზ გურამიშვილის რესტავრირებული მარნის გახსნას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური