საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

საქართველოსა და ლიტვის პრემიერ-მინისტრებმა ვილნიუსში თბილისის სახელობის სკვერი გახსნეს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-04

ვილნიუსში თბილისის სახელობის სკვერი გაიხსნა, - საზეიმო ღონისძიებაში საქართველოსა და ლიტვის პრემიერ-მინისტრებმა მიიღეს მონაწილეობა. ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და მჭიდრო პარტნიორობის ნათელი დემონსტრირება, - ასე შეაფასეს სკვერის გახსნა ირაკლი ღარიბაშვილმა და ალგირდას ბუტკევიჩიუსმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლიტველ კოლეგას, ვილნიუსის მერს და ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.
„ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. როგორც ქართველი, ვამაყობ, რომ დღეს აქ ვიმყოფები. ვნახე ბევრი ბედნიერი სახე, საქართველოს და ლიტვის ბევრი მეგობარი და ამისთვის მადლობას გიხდით. საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს, თუმცა ლიტვა ნამდვილი მეგობარია და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ნამდვილ მეგობრობას, რომელიც ორ ერს აკავშირებს. დღეს ძალიან ცივა, მაგრამ, ჩვენ გვაქვს ძალიან თბილი ურთიერთობები. 2009 წელს თბილისში გაიხსნა ვილნიუსის სკვერი და ძალიან კარგია, რომ დღეს თბილისის სკვერს ვხსნით ვილნიუსში. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი მადლიერება", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისის სკვერის გახსნაზე.

თბილისის სკვერის გახსნაზე შეკრებილებს ასევე მიმართა ლიტვის პრემიერმა. ალგირდას ბუტკევიჩიუსმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისის სკვერი ვილნიუსში, მშვიდობიანი და აყვავებული საქართველოს სიმბოლო გახდება.
„დღეს საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია და საქართველოს დაცვა სჭირდება. ამისთვის მეტი უნდა გაკეთდეს. ლიტვა, დასავლეთის სახელმწიფოებთან ერთად, მზად არის, დაიცვას ქართველი ხალხი და საქართველო", - განაცხადა ალგირდას ბუტკევიჩიუსმა.
თბილისის სახელობის სკვერი ვილნიუსის ცენტრალურ უბანში - ჟვერინასზე მდებარეობს. სკვერის ტერიტორიაზე უკვე განთავსებულია სკვერის მანიშნებელი დაფა და ბაღის სკამები თბილისის სიმბოლიკით. თბილისის სახელობის სკვერში განსათავსებლად ქართული მხარე, მომავალ წელს, თბილისთან ასოცირებულ სკულპტურულ ნამუშევარს შეარჩევს. სკვერის კეთილმოწყობაში თბილისის მერიაც მიიღებს მონაწილეობას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური