საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა თავისუფლებისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-04

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ლიტვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიტვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

პრემიერმა, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, პატივი მიაგო ვილნიუსში 1991 წლის 13 იანვარს დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას.

ირაკლი ღარიბაშვილმა, დღესვე, თაიგულით შეამკო 1918-1921 საქართველოს პირველი რესპუბლიკის ემიგრირებული ქართველი ოფიცრის, დათიკო მაჭავარიანის საფლავი ვილნიუსში.

1918 წლიდან, დათიკო მაჭავარიანი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის არტილერიის კაპიტანი და აქტიურად მონაწილეობდა ქართული ეროვნული არმიის შექმნაში. 1918-1921 წლებში, იგი საქართველოს საზღვრების და სახელმწიფოებრიობის დასაცავად ყველა ბრძოლაში მონაწილეობდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური