საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ ვახშამზე ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-04

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ტაავი რიივასმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და დელეგაციის წევრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. მისასალმებელ სიტყვაში ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ორი ქვეყნის განსაკუთრებულ ურთიერთობაზე ისაუბრა. ტაავი რიივასის თქმით, საქართველო და ესტონეთი ერთმანეთის მეგობარია და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს არის განცდა, ემოცია. ესტონეთის პრემიერმა ქართველ კოლეგასთან არსებულ ახლო მეგობრულ ურთიერთობასაც გაუსვა ხაზი.

,,ძვირფასო ირაკლი, მე ჭეშმარიტად მადლიერი ვარ ამ მეგობრობისთვის. ვიცი, რომ ჩემი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დროს შემიძლია დაგირეკოთ და ვიცოდე, რომ მყავს ისეთი მეგობარი, ვინც ამ ზარს უპასუხებს,"-განაცხადა პრემიერმა რიივასმა. მისივე თქმით, იგი უფრთხილდება ამ მეგობრობას. ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც.

,,ჩვენთვის ესტონეთი გამორჩეული მეგობარია, ბევრ სფეროში ვთანამშრომლობთ, ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას და ამას ვუფრთხილდებით,"- აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურ ვახშამზე.

ირაკლი ღარიბაშვილის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ ვახშამზე ტაავი რიივასის მეუღლემ, ლუიზა ვარკმა სიმღერა შეასრულა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური