საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრში ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-03

ესტონეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან არსებულ ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრს - „MEKTORY" ეწვია.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა, საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არსებული თანამედროვე შენობა დაათვალიერა. 4450 კვ.მ ფართობის მქონე ცენტრი მოიცავს პროტოტიპულ და საცდელ ლაბორატორიებს, საკონფერენციო დარბაზს, კოსმოსურ ცენტრს, საგამოფენო ცენტრს და სარეკრეაციო ზონას. პრემიერ-მინისტრი ცენტრის მიერ მომზადებულ პრეზენტაციას დაესწრო.

ირაკლი ღარიბაშვილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებსაც შეხვდა. ამჟამად ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში საქართველოს 82 მოქალაქე სწავლობს.

ინოვაციების ცენტრი თავს უყრის მეწარმეებს, სტუდენტებს, მეცნიერებსა და მოსწავლეებს მთელი მსოფლიოდან, ახალი იდეებისა და ინოვაციების ერთობლივად გენერირების მიზნით. საქართველოს პრემიერ-მინისტრს მეგზურობა ცენტრის დირექტორმა ტეა ვარაკმა გაუწია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური