საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

მე დავიცავ თქვენს უფლებებს - პრემიერ-მინისტრი ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-03

ჩემთვის არ არის საინტერესო ვინ იქნება რეალური მფლობელი "რუსთავი 2-ის", ჩემთვის არის მთავარი თქვენ, "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტები იყოთ დაცული და როგორც სახელმწიფო, ვაცხადებთ, რომ იქნებით აბსოლუტურად დაცულნი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, მისთვის უცნობია "რუსთავი 2-ის" გარშემო არსებული სასამართლო დავის დეტალები, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მედია იყოს დაცული და ვერავინ შეძლოს მედიათავისუფლების შეზღუდვა.

"ეს არის დავა ორ კერძო სუბიექტს შორის, ჩვენი ჩართულობა ამ დავაში არის გამორიცხული. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ თანამედროვე, დემოკრატიულ საქართველოში, ქვეყანაში, სადაც ევროკავშირის შესაბამის რეფორმებს ვახორციელებთ, ყველა დავემორჩილოთ სასამართლო გადაწყვეტილებას. მათ შორის ჩვენ, ხელისუფლებას გვაქვს ვალდებულება, მოგვწონს თუ არ მოგვწონს მიღებული გადაწყვეტილება, დავემორჩილოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას," - აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, დაუშვებელია მიმდინარე სამართლებრივი პროცესების ზედმეტი დრამატიზება და პოლიტიზება. მანვე "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებს მიმართა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

"მინდა "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებს მოგმართოთ, რომ თქვენ ხართ პროფესიონალები და მინდა დავაფიქსირო ჩემი მხარდაჭერა თქვენდამი. დაუშვებელია მედიასაშულებების პოლიტიზება და ყველა პოლიტიკოსმა უნდა შეიკავოს თავი მედიის პოლიტიზებისგან, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც ვარ. რასაკვირველია, თქვენ გაქვთ უფლება გაგაჩნდეთ პოლიტიკური შეხედულება, მაგრამ ეს უნდა იყოს პირადი. მე ვერ დაგაძალებთ, რომ მხარდამჭერი იყოთ ჩვენი მთავრობის, რადგან თქვენ გაქვთ კონსტიტუციური უფლება გააგრძელოთ თქვენი საქმე, ისე როგორც ამას აკეთებთ," - განმარტა პრემიერმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა უკრაინულ საიტებზე გავრცელებულ ჩანაწერებზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში კანონის უზენაესობა არის დაცული.

"გავრცელდა ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად ოდესის გუბერნატორის საუბრის ჩანაწერები, რომელიც საკუთარ თავს ქინძს ეძახის. ჩემთვის ეს სასაცილოა, ჩვენ ე.წ. ქინძის განცხადებებზე ვერ გავაკეთებთ სერიოზულ კომენტარს, მაგრამ მინდა ყველას ვუთხრა, რომ დღეს ჩვენი სახელმწიფო არის იმაზე ძლიერი, ვიდრე იყო სამი წლის წინ , იმიტომ, რომ დღეს ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობა არის და იქნება დაცული და ვერც ერთი მოქალაქე ვერ დადგება კანონზე მაღლა, ვერც "ქინძი" და ვერც ნებისმიერი სხვა მოქალაქე,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.