საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი თბილისობაზე ამოსაბეჭდი ვერსია

2015-10-18

კოსტუმირებული მსვლელობა, ქვიშის რაგბი, ქუჩის კალათბურთი, ღია ტურნირები ჭადრაკსა და ჭიდაობაში, კონცერტები, საბავშვო ღონისძიებები, ახალგაზრდული Live ფესტივალი, კულინარიის ფესტივალი, ღვინის ფესტივალი, შემოდგომის ფესტივალი- თბილისი "თბილისობა 2015-ს" ზეიმობს.

რიყეზე მიმდინარე ღონისძიებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან და შვილებთან ერთად დაესწრო. მან თბილისელებს დღესასწაული მიულოცა და რიყის პარკში კულინარიისა და ღვინის ფესტივალები დაათვალიერა. ნიკოლოზ და ანდრია ღარიბაშვილებმა საბავშვო-გასართობი მოედანი მოინახულეს და ძალები ტირში მოსინჯეს.

"ყველა თბილისელს ვულოცავ დღევანდელ დღეს და ვუსურვებ მათ საზეიმო განწყობას. თბილისი განსაკუთრებული, უნიკალური ქალაქია. ამიტომაც არის, რომ თბილისში ჩამოსული უცხოელი სტუმრები გაოცებულნი რჩებიან ჩვენი ქალაქის სილამაზით. ყველა აღნიშნავს, რომ თბილისში კარგად იგრძნობა ის სულიერება, რომელიც საქართველოს გააჩნია," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრემიერ-მინისტრთან ერთად რიყის პარკს მთავრობის წევრები და თბილისის მერი სტუმრობდა.

წელს პირველად, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ „თბილისზე მზრუნველი" თავად აირჩიონ. ხალხის რჩეულის გამოვლენა და „თბილისზე მზრუნველის" დაჯილდოება დღეს, 18:00 საათზე, რიყის პარკში მოხდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური