საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ჩალიკ ჰოლდინგი საქართველოში ინვესტიციების მოცულობის გაზრდას გეგმავს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-10-17

თურქეთის ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია „ჩალიკ ჰოლდინგი" საქართველოში ინვესტიციების მოცულობის გაზრდას გეგმავს, - ახალი საინვესტიციო პროექტების შესახებ ჰოლდინგის თავმჯდომარე აჰმეტ ჩალიკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრა.

კომპანია ახალი დარგით, კერძოდ საქართველოში ტექსტილის წარმოების განვითარებით არის დაინტერესებული. ამავდროულად, ინვესტორი განაგრძობს მუშაობას სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებზე, კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზე აქვს რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური.

„ჩალიკ ჰოლდინგმა", საქართველოს საპარტნიორო ფონდთან ერთად, წარმატებით განახორციელა გარდაბნის ულტრათანამედროვე, კომბინირებული ციკლის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულებამ 230 მილიონი დოლარი შეადგინა.

„ჩალიკ ჰოლდინგი" 17 ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს ისეთ სექტორებში, როგორებიცაა, ენერგეტიკა, სამშენებლო, საფინანსო, ტექსტილის წარმოება, მედია და ტელეკომუნიკაცია. კომპანიის წლიური ბრუნვა 2,8 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, კონსოლიდირებული აქტივების ღირებულება - 8 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება, ხოლო მიმდინარე საინვესტიციო პროექტების ღირებულება დაახლოებით 20 მილიარდი დოლარია. ჰოლდინგს 20 ათასზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური