საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერმა აბრეშუმის გზის საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს მიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-10-16

ჩემი მთავრობის მიზანია საქართველოს გადაქცევა აყვავებულ ქვეყნად, რომელიც გონივრულად იყენებს თავის მდებარეობას სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაჯვარედინზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ეს იყო ყოველთვის საქართველოს როლი მსოფლიოში - რეგიონალური ცენტრი, ადგილი, სადაც გაცხოველებული სავაჭრო ურთიერთობებია.
„როგორც ევროპის აღმოსავლეთით მდებარე უკიდურესი საზღვაო და სახმელეთო კარიბჭე, საქართველო იდეალურად უზრუნველყოფს აზიისკენ მიმავალ მარშრუტს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აბრეშუმის გზის გაყოლებაზე არსებულ თანამშრომლობისა და ვაჭრობის პოტენციალზე ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სწორედ ბიზნესი იქნება აბრეშუმის გზის ხელახლა დაბადების ძირითადი მამოძრავებელი ძალა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფორუმის მონაწილე ბიზნესმენებს და მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ღონისძიებაში ჩინეთის 200 ბიზნესმენის მონაწილეობა ცხადყოფს, რამდენად სერიოზულად ეკიდება ჩინეთი აბრეშუმის გზის განვითარებას და რამდენის შეთავაზება შეუძლია საქართველოს.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე.

· ჩვენ ვართ პატარა, ოთხმილიონიანი, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალით.

· ჩვენ გვაქვს თავისუფალი, ღია და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს რწმენა.

· მსოფლიო ბანკის თანახმად, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით.

· გადასახადების სიმსუბუქის მხრივ კი, მსოფლიოში მეოთხე ადგილზე ვართ.

· ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, სადაც აღმოფხვრილია კორუფცია.

· ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ მოვიზიდეთ მილიარდობით დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. დღეს შეიმჩნევა უცხოური ინვესტიციების ნაკადის უპრეცედენტო ზრდა.

· 2014 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 1,75 მილიარდი დოლარი, რაც არამხოლოდ 87 პროცენტით აღემატება 2013 წლის მონაცემებს, არამედ ყველაზე მაღალი მაჩვენებელიც არის ბოლო შვიდი წლის განმავლობაში.

· ბაზარზე ახალი შემომსვლელებისთვის მაქსიმალური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად შეიქმნა ორი მრავალმილიარდიანი საინვესტიციო ფონდი: საპარტნიორო ფონდი და საქართველოს თანაინვესტირების ფონდი.

o საპარტნიორო ფონდი უზრუნველყოფს შერჩეულ პროექტებს საჯარო სახსრებით. ფონდი ღიაა საჯარო-კერძო პარტნიორობის სტრატეგიული ფორმების განხილვებისთვის.

o საქართველოს თანაინვესტირების ფონდი იზიდავს სახსრებს კერძო საინვესტიციო წყაროებიდან და მოიცავს საერთაშორისო მეწილეებს.

· ჩვენ გვაქვს საყოველთაო ჯანდაცვა და ძლიერი განათლების სისტემა, რაც ჯანმრთელი და განათლებული კადრების გარანტიაა.

· კრედიტუნარიანობის წამყვანი სარეიტინგო სააგენტოები აფასებენ ჩვენს ქვეყანას როგორც სტაბილურს და პოზიტიურს.

· კანონის უზენაესობა საქართველოში მტკიცეა და დღითიდღე ძლიერდება: ბიზნესთან დაკავშირებული დავები წყდება ხელისუფლების ჩარევის გარეშე.


მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა მსოფლიო ბანკის ახალ ანგარიშზე მმართველობასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა:


· 13 პუნქტით რეგულაციების ხარისხის კატეგორიაში;

· 16 პუნქტით გამოხატვისა და ანგარიშვალდებულების კატეგორიაში;

· 19 პუნქტით კანონის უზენაესობის კატეგორიაში;

· 22 პუნქტით პოლიტიკური სტაბილურობისა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობის კატეგორიაში;

· 23 პუნქტით კორუფციის კონტროლის კატეგორიაში.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო განლაგებულია უზარმაზარი თავისუფალი სავაჭრო ქსელის გულში:

· ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, თურქეთსა და რუსეთთან, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან.

· ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-სა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ.

· მე სულ ახლახან დავბრუნდი ჩინეთიდან, და მალე ჩვენ შეიძლება გავხდეთ პირველი ევროპული ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ჩინეთთან.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა განსაკუთრებულ დატვირთვას აძლევს საქართველოს მდებარეობას ევროპისა და აზიის ვაჭრობის გულში.

„საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სატრანზიტო ქსელებით შესაძლებელია ტვირთის ჩატანა ჩინეთიდან ევროპაში საზღვაო მარშრუტზე ბევრად უფრო სწრაფად. თავისუფალი სავაჭრო კავშირები კი საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, იყოს ერთ-ერთი მთავარი უტარიფო რეგიონალური დისტრიბუციის ცენტრი. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენთვის ინვესტირება საქართველოში ისევე უსაფრთხოა, როგორც ევროპის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, იმ განსხვავებით, რომ ჩვენთან თქვენი ხარჯები და გადასახადები უფრო დაბალი იქნება, შეგხვდებათ ნაკლებ მარეგულირებელი დაბრკოლება, ხოლო ამონაგები ბევრად დიდი იქნება", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებზე და მაგალითად დაასახელა „ჰუალინგ ჯგუფი", რომლის ინვესტიციების ჯამური ოდენობა 500 მილიონ დოლარს აღემატება.

· „ტატა ჯგუფმა" (ინდოეთი), Clean Energy Invest-მა (ნორვეგია) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ სულ ახლახან განახორციელეს 400 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია აჭარისწყლის პროექტში.

· კორეის წყლის რესურსების კორპორაცია და საქართველოს საპარტნიორო ფონდი განახორციელებენ ერთ მილიარდიან ინვესტიციას ნენსკრაჰესის მშენებლობაში.

· საქართველოში ფუნქციონირებს ტოიოტას (იაპონია) კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისი და დისტრიბუციის ცენტრი.

· კომპანიები Dhabi Group და RAKIA (არაბთა გაერთიანებული საამიროები) ახორციელებენ მნიშვნელოვან ინვესტიციებს სასტუმროების, უძრავი ქონებისა და სხვა პროექტებში.

პრემიერი ქვეყნის მზარდ ტურისტულ პოტენციალსაც შეეხო. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლო 11 წლის განმავლობაში უცხოელი ტურისტების რაოდენობა 18-ჯერ გაიზარდა, 310 ათასიდან 2003 წელს 5,5 მილიონამდე 2014 წელს.

„შარშან და შარშანწინ უცხოელ ტურისტთა რაოდენობამ გადააჭარბა საქართველოს მოსახლეობას. გამოვთქვამ იმედს, რომ, ხსენებული ინიციატივების მსგავსად, დღევანდელი ღონისძიებაც გაუხსნის გზას ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას და გააღრმავებს თქვენს დაინტერესებას საქართველოთი. პირადად მე გარწმუნებთ, რომ საქართველოს მთავრობა გაგიწევთ თქვენ, თქვენს პარტნიორებსა და ყველა უცხოელ ინვესტორს სრულ მხარდაჭერას საქართველოში ბიზნესის დაარსებისა და ამოქმედებისა საქმეში. ბედნიერი ვარ, რომ აქ იმყოფებით. საქართველო არის სტაბილური, ძლიერი და ღია სახელმწიფო. ჩვენი თანამშრომლობა შედეგად მოიტანს მნიშვნელოვან ეკონომიკურ წარმატებას", - მიმართა პრემიერმა ფორუმის მონაწილე ბიზნესმენებს.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური