საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა ყირგიზეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-10-15

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" მნიშვნელოვან ღონისძიებად აფასებს ყირგიზეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ვალერი დილი, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. შეხვედრა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე. ხაზი გაესვა საქართველოში ყირგიზი ვიზიტორების რაოდენობის მნიშვნელოვან დინამიკას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აბრეშუმის გზის სარტყელის განვითარების კუთხით თბილისის ფორუმის მნიშვნელობას.

„მე მივულოცე საქართველოს პრემიერ-მინისტრს კარგად ორგანიზებული ფორუმის ჩატარება. ვფიქრობ, ფორუმმა ნამდვილად მიაღწია მიზანს, რომელიც იყო ჩაფიქრებული. იმედი მაქვს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" იქნება ყოველწლიური და თბილისში შეიკრიბებიან ბიზნესმენები, სახელმწიფო მოღვაწეები, რათა იმსჯელონ ახალი აბრეშუმის გზის პროექტზე. ვფიქრობ, დღევანდელმა ფორუმმა ნამდვილად მისცა ბიძგი ახალ პროექტებს, რაც ქვეყნების კეთილდღეობას, პირველ რიგში კი საქართველოს ინტერესებს მოემსახურება,"-განაცხადა ყირგიზეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს", რომელიც 15-16 ოქტომბერს იმართება, 32 ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაცია და 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებიან.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური