საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა ADB-ის ვიცე-პრეზიდენტთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-10-14

დარწმუნებული ვარ, საქართველოს შეუძლია, ითამაშოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, რათა ხელი შეუწყოს რეგიონალურ თანამშრომლობას ევროპასა და აზიას შორის, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტმა ვენჩაი ჟანგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობა, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი და პროექტები, რომლებიც ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში ხორციელდება, საუბრის მთავარი თემები იყო.
პრემიერ-მინისტრმა ADB-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ორგანიზებაში მხარდაჭერისთვის და ფორუმის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თბილისს 15-16 ოქტომბერს 30-ზე მეტი ქვეყნის 1000-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის მსოფლიო საინვესტიციო კომპანიების პირველი პირები ეწვევიან, რაც ბიზნესებს შორის კონტაქტების გაღრმავებას და ქვეყნის სამომავლო განვითარებას შეუწყობს ხელს.
„ჩვენ მივულოცეთ პრემიერ-მინისტრს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ორგანიზება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მოხარული ვართ, რომ ფორუმს ძალიან მაღალი დონის ოფიციალური პირები და მრავალი კომპანიის წარმომადგენლები დაესწრებიან. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ყველა მონაწილისთვის - საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის, აკადემიური წრეების წარმომადგენლებისა და ოფიციალური პირებისთვის, გააღრმავონ თანამშრომლობა აბრეშუმის გზის ფარგლებში. საქართველო რეალურად არის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი და ამ ფორუმს დიდ წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ, ჩვენის მხრივ წვლილს შევიტანთ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში", - განაცხადა ADB-ის ვიცე-პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში უკვე არაერთი პროექტი განხორციელდა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიცაა - გზები, წყალმომარაგება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა.
საინვესტიციო პროექტებთან ერთად, ხაზი გაესვა ADB-ის საბიუჯეტო მხარდაჭერის სამწლიანი პროგრამის მნიშვნელობას, რომლის ფარგლებში საქართველო წელს 75 მილიონი დოლარის ოდენობის შეღავათიან სესხს მიიღებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური