საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ქართული ღვინის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

2015-10-04

ქართული ღვინის დეგუსტაცია, ღვინის აღლუმი, ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული ნახატების, ფოტოების, კულტურულ-ტრადიციული ნიმუშების და ღვინო-პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, - საზეიმო ღონისძიებებს, რომელიც ვარდების მოედანზე, ქართული ღვინის დღესთან დაკავშირებით იმართება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა სხვადასხვა ჯიშის, უნიკალური ქართული, მათ შორის აფხაზური ყურძენი და ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების მიერ წარმოდგენილი ღვინო დააგემოვნა და საზეიმო ღონისძიების მონაწილეებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

სახალხო ზეიმთან დაკავშირებით, ვარდების მოედანზე კონცერტიც იმართება. ქართული ღვინის დღესთან დაკავშირებულ გამოფენაზე პრემიერ-მინისტრი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და თბილისის მერთან ერთად იმყოფებოდა.

ქართული ღვინის დღე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 2014 წელს დაწესდა და პირველად გასულ წელს აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებები, ქართული ღვინის დღესთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში იმართება.
#ქართულიღვინისდღე 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური