საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა სტუდენტებთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-10-02

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლას გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული ქართველი სტუდენტები დაესწრნენ. მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები, გაეროს ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მოსასმენად, ნიუ იორკში სპეციალურად ჩამოვიდნენ.

გაეროში სიტყვით გამოსვლის შემდეგ სტუდენტებს პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა ახალგაზრდებთან ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა მიმოიხილა. საუბარი ასევე შეეხო მთავრობის მიერ დაგეგმილ პროექტებს.

"ძალიან ენერგიული გამოსვლა იყო. დადებითად ვაფასებ პრემიერის გამოსვლას, რადგან გაახმოვანა საქართველოს წინსვლის პოზიტიური მესიჯები - ეკონომიკური ზრდა, მსოფლიო ბანკის ანგარიში და სხვა. გამოსვლის შემდეგ პრემიერმა გვიმასპინძლა და ვისაუბრეთ ყველაფერზე, რაც გვაინტერესებდა სტუდენტებს,"-განაცხადა ნიუ იორკის უნივერსიტეტის სტუდენტმა ირაკლი ელიაშვილმა.
"გაეროში გამოსვლისას პრემიერმა საინტერესო და მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა. შემდეგ გვქონდა პირისპირ შეხვედრა, სადაც საქართველოს საშინაო და საგარეო საკითხებზე ვიმსჯელეთ. იყო საინტერესო ხედვა როგორც ეკონომიკის, ისე კულტურის და სოციალური განვითარების კუთხით,"-აღნიშნა ნიუ იორკის სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა ლევან სონღულაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური