საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-28

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ქართული მედიის წარმომადგენლებთან გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებსა და ღონისძიებებზე ისაუბრა.
"ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრები მქონდა. პირადად გადავუხადე მადლობა კარიბის ქვეყნების, ასევე აფრიკის ქვეყნების პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებს, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს რეზოლუციაზე, რომელიც შეეხება ჩვენს დევნილებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რადგან წლების განმავლობაში წინა ხელისუფლების საგარეო უწყებამ ვერ მოახერხა არაღიარების დოკუმენტზე მხარდაჭერის მოპოვება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მთავრობის დროს დაემატა ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს აღნიშნულ რეზოლუციას. იგი შეეხება იძულებით გადაადგილებულ პირებს და დევნილების დაბრუნებას სახლში,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მონაწილეობა გაეროს მდგრადი განვითარების სამიტზე, ასევე გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებამოსილების გაზრდის საკითხებზე მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე.
"მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეობა გაეროს მდგრადი განვითარების სამიტზე. მე იქ გამოსვლისას გავაკეთე მთავარი აქცენტები იმ მთავარ მიმართულებებზე, რომელზეც ჩვენი მთავრობა ახდენს კონცენტრირებას. ეს არის ჯანდაცვა, მდგრადი განვითარება ქვეყნის, მოსახლეობაზე ზრუნვა. ასევე საუბარი გვქონდა გენდერულ თანასწორობასა და კლიმატურ ცვლილებებზე, რომელიც 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევაა. სწორედ ეს კლიმატური ცვლილება არის აქტუალური ჩვენთანაც. როგორც გამოსვლაში აღვნიშნე, ეს შეეხო ჩვენს ქვეყანას, კერძოდ თბილისში მომხდარმა წყალდიდობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მოსახლეობას. ამ საკითხებზე გრძელდება შეხვედრები. დღეს მივიღებ მონაწილეობას ამერიკის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ინიციატივაში, რომელიც შეეხება გაეროს სამშვიდობო მისიებს. დაგეგმილია ამ მისიების გაფართოება. ვაპირებთ, გაეროს სამშვიდობო მისიაში მივიღოთ მონაწილეობა. ეს არის ჩვენი ჯარისკაცების დამსახურება. ის აღიარება, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს ამ წლების განმავლობაში, ის იმიჯი, ის სტატუსი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დაიმკვიდრა, არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გმირი, ჩვენი ვაჟკაცი ჯარისკაცების დამსახურება. მინდა კიდევ ერთხელ მადლიერებით აღვნიშნო მათი ჩართულობა და მათი როლი,"-აღნიშნა პრემიერმა.