საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-27

საქართველო მომავალშიც უპასუხებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს და შეასრულებს თავის ვალდებულებებს ქალთა უფლებებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებამოსილების გაზრდის საკითხებზე მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ღონისძიების მასპინძლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო, ქალთა უფლებებისა და ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის პრინციპების დაცვას ერთგულად ემსახურება.

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გენდერულ თანასწორობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიისა და მდგრადი განვითარებისათვის. 1994 წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ კონვენციას ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ და ძალ-ღონეს არ ვიშურებთ მის განსახორციელებლად. 2011 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 2012-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის („ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება") განსახორციელებლად. 2013 წელს ჩვენ მივიღეთ 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, რასაც მოჰყვა 2014-2015 წლების გენდერული თანასწორობის ეროვნული სამოქმედო გეგმა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მნიშვნელოვან მოვლენად დაასახელა 2014 წელს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება და ხელმოწერა სტამბოლის კონვენციაზე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო აცნობიერებს იმ სარგებელს, რომელიც მოაქვს ქალთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ეტაპზე.

„ჩემი მთავრობის მუშაობაში უდიდესი წვლილი შეაქვთ თავდაცვის, იუსტიციისა და განათლების ქალ მინისტრებს. ასევე ქალებს უკავიათ ისეთი საპასუხისმგებლო თანამდებობები, როგორიცაა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებამ მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა მივეცეთ თვითკმაყოფილებას. საქართველოში 2015 წელი აღინიშნება, როგორც ქალთა წელი. ჩვენ ვმუშაობთ ხსენებული სამოქმედო გეგმების განახლებაზე. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების სტრატეგიული ბაზის კიდევ უფრო გააუმჯობესებ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ 9-10 ნოემბერს საქართველო უმასპინძლებს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას ევროპის სამეზობლოში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე.

მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მომავალშიც გააგრძელებს გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ქალთა, მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეზოლუციის ეროვნული სამოქმედო გეგმების განახლებას, გადახალისებასა და მათი შემდგომი ფაზების შემუშავებას; ასევე, მოამზადებს გენდერული თანასწორობის ეროვნულ სტრატეგიას, რომელშიც ასახული იქნება მთავრობის გრძელვადიანი, სტრატეგიული ხედვა ამ საკითხებთან დაკავშირებით.

„ჩვენ გავაფართოებთ გენდერის ინსტიტუციურ მექანიზმებს, რისთვისაც ჩემი ხელმძღვანელობით შეიქმნება და შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფილი იქნება გენდერულ საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია. ჩვენ მომავალშიც განვაახლებთ ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას და განვახორციელებთ მის რეფორმირებას. დაგეგმილია ცვლილებების შეტანა საქართველოს შრომის კოდექსში, რათა მნიშვნელოვნად გაიზარდოს დასაქმებულ ქალთა უფლებების დაცვა. ჩვენ განვიხილავთ კანონს გენდერული თანასწორობის შესახებ, რათა დავუახლოვოთ გენდერული უთანასწორობის ფაქტებზე რეაგირების მექანიზმები ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რომელიც ახლახან მივიღეთ. გარდა ამისა, ჩვენ განვახორციელებთ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას და ცხოვრებაში გავატარებთ მას. ვითანამშრომლებთ განვითარებაზე მომუშავე პარტნიორებთან, გაეროსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ერთობლივად ვიმუშაოთ ადრეული ქორწინების საკითხზე. ამ მიზნით, ჩემს აპარატში შეიქმნება სპეციალური სექტორთაშორისი ჯგუფი; ჩვენ წამოვიწყებთ საინფორმაციო კამპანიებს ისეთ კონკრეტულ პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიცაა ქალთა და გოგონათა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა, ასევე ადრეულ ასაკში ქორწინებათა პრევენცია", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა იღწვის ისეთი მომავლისთვის, რომელშიც თანასწორობა და კეთილდღეობა კიდევ უფრო მაღალ დონეზე იქნება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური