საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ყურძნის სუბსიდირების თანხა არ შეცვლილა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-14

პროვოკაციული ქმედებებით, უსარგებლო ხმაურით და აჟიოტაჟით, ე.წ ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, კახეთის რეგიონს, კახელ გლეხს დანარჩენ მოსახლეობასა და რეგიონებთან აპირისპირებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, რთველის მიმდინარეობის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასულ წელს აბსოლუტურად განადგურდა ვაშლის მოსავალი, ასევე, მოსახლეობას პრობლემები შეექმნა ციტრუსისა და თხილის მოსავალთან დაკავშირებით.

„კახეთის გარდა გვაქვს 9 რეგიონი, იქაც რთული ვითარებაა, სტიქია იყო სხვა რეგიონებშიც და ყველა ადამიანს თანაბრად უნდა დავეხმაროთ. გასაგებია, ჩვენ ვთქვით, რომ მევენახეობა სტრატეგიული მიმართულებაა და სწორედ ამდენი ხელშეწყობის შედეგად 4 ათას ჰექტარზე მეტი ახალი ვენახია გაშენებული. ნუთუ ეს საქმე არ არის?! ყურძენზე შარშან სპეკულაციური ფასებიც კი იყო, 1,50; 2,00; 3,00 ლარამდეც კი გადაიხადეს და შემდეგ რამდენიმე გლეხი ალაპარაკეს, 2,00 ლარად როგორ გავყიდო ყურძენიო. აბნევენ მოსახლეობას, ამიტომ, მინდა მივმართო ჩვენს ძვირფას მევენახეებს, ნუ შეხვალთ შეცდომაში და არავის მისცეთ საშუალება, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოგიყენონ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სუბსიდირების თანხა არ შეცვლილა და სახელმწიფო წელსაც იმდენივეს დახარჯავს ამ მიმართულებით, რამდენიც - გასული ორი წლის განმავლობაში.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, უკვე მესამე წელია, უპრეცედენტოდ წარმატებული რთველი ტარდება.
„სოფლის მეურნეობის დარგში, კერძო სექტორის დახმარებით, დღემდე 1 მილიარდ ლარამდე არის ინვესტირებული. წარმატებით ვახორციელებთ უფასო ხვნა-თესვის, შეღავათიანი აგროსესხების პროგრამას, ასევე დავიწყეთ პროგრამა - „აწარმოე საქართველოში". წარმატებული რთველის შედეგად კახეთის რეგიონში, კახელი ფერმერების ოჯახში 290 მილიონი ლარი შევიდა, საიდანაც დაახლოებით 100 მილიონი ლარი იყო სუბსიდია, რაც სახელმწიფომ გაიღო. სუბსიდიის თანხა გასულ წელს თეთრ ყურძენზე იყო 0,35 თეთრი, წითელ ყურძენზე - 0,15 თეთრი, რაც წელსაც იგივე დარჩა. სახელმწიფოს მხრიდან არაფერი შეცვლილა", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა იმ სირთულეების შესახებ, რომლებიც ღვინის კომპანიებს შეექმნათ. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბაზარზე არსებული კრიზისული ვითარების გათვალისწინებით, კომპანიებს გაყიდვები შეუმცირდათ და აქვთ ღვინის მარაგები, რის გამოც არსებობდა საფრთხე, რომ მათ უმეტესობას წელს ყურძენი საერთოდ არ ჩაებარებინა, თუმცა პოლიტიკური ვითარება და მოსახლეობის მდგომარეობა გაითვალისწინეს.

„მინდა, მივმართო პოლიტიკოსებს, რომელთაც პოლიტიკოსობის პრეტენზია აქვთ, მათი ასეთი პროვოკაციული ქმედება მიმართულია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ვიცი, რომ ერთ-ერთი დეპუტატი, გვარად ღვინიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში იყო კახეთის გუბერნატორი და პირდაპირ მიუთითებდა კომპანიებს, არ ჩაებარებინათ ყურძენი მაღალ ფასად, იმისთვის, რომ გუბერნატორს, თუმცა არა კახეთის, არამედ - ოდესის, დაუმტკიცოს ერთგულება, ჩადის რეგიონში და აქტიურობს. მინდა, მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად გააკონტროლოთ ადგილზე სიტუაცია, რომ მოსახლეობას ჩაბარებაში პრობლემა არ შეექმნას. თუ ვინმე პროვოკატორი შეეცდება სიტუაციის დაძაბვას, იმოქმედეთ კანონის ფარგლებში. ყოვლად დაუშვებელია, რომ ისეთი დისკრედიტებული ორგანიზაცია, როგორიც არის "ნაციონალური მოძრაობა", 20-30 კაცის მეშვეობით, ინტრიგნული და პროვოკაციული მეთოდებით აპირებს რთველის პოზიტიური სურათის გაფუჭებას, ფონის გაუარესებას და მოსახლეობის დაძაბვას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, სიტუაცია კონტროლდება, შტაბი გამართულად მუშაობს, ყველა დეტალი გათვლილია, შეფერხებების თავიდან ასაცილებლად, პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო.

პრემიერმა მთავრობის წევრებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა, რათა მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული და პროცესის გამჭვირვალობა, რათა არავის გაუჩნდეს განცდა, რომ სახელმწიფომ სუბსიდირების თანხა შეამცირა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სახელმწიფო წელსაც, გარანტირებულად ჩაიბარებს ყურძენს, რაც სუბსიდირებასთან ერთად, ჯამში 60 მილიონი ლარი ჯდება.

„ჩვენთვის ძვირფასია ყველა ადამიანი. მესმის მათი ემოციურობის, გასულ წელს ლარს უხდიდა კომპანია, წელს თანხა შედარებით მცირეა, მაგრამ ეს კრიზისული პერიოდი, რომელიც მთელს მსოფლიოშია და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, ერთად და ღირსეულად უნდა გავიაროთ. ჩვენ სტაბილურ პოლიტიკას ვაწარმოებთ, იმედი გვაქვს, მალე გაიხსნება ჩინეთის ბაზარი, გახსნილია რუსეთის ბაზარი, ევროპის ბაზარი, ასე, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, დავეხმაროთ მეწარმეებს. მთავრობა ამ სამი წლის განმავლობაში ბიზნესს ეხმარება - უფასოდ აძლევს მიწას; ფართებს; 13%-იანი კრედიტის პირობებში 11-12%-ს უფინანსებს, მეწარმეს უწევს მხოლოდ 1-2%-ის გადახდა. ნუთუ, არ შეიძლება ამ ყველაფრის ადეკვატურად შეფასება?!", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა სოფლის მეურნეობის მინისტრისგან რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ოთარ დანელიას განცხადებით, წელს ყურძნის მოსავალი 30%-ით გაიზარდა და სავარაუდოდ, 200 ათას ტონამდე იქნება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 7 ათას ტონაზე მეტი ჩაბარებულია და 2-3 დღეში რთველი უფრო აქტიურ ფაზაში შევა.

„300 მილიონ ლარამდე უკვე შეუვიდა კახელ გლეხს ბოლო ორი რთველიდან, 14 მილიონ ლარზე მეტი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაში დავხარჯეთ, მიმდინარე მელიორაციის პროექტები არის დაახლოებით 70 მილიონის, რომლის დიდი წილი მოდის კახეთზე, 150 მილიონის შეღავათიანი აგროკრედიტი, იაფი ფულია გაცემული ამ დარგში. თბილისში, მერიის დახმარებით შერჩეულია 15 ადგილი, სადაც შეუძლიათ რეალიზაცია. ლარიდან 2,50 ლარამდე მერყეობს ყურძნის ფასი და არის 20-და 25 ათას ტონამდე მოთხოვნა, როგორც რეგიონებიდან, ისე- თბილისიდან. რეგიონებშიც გამოყოფილია სარეალიზაციო ადგილები", - განაცხადა მინისტრმა.
ოთარ დანელიას თქმით, ხელისუფლებამ დანერგა რეალური დივერსიფიკაცია, მზარდია ევროპის და აზიის ბაზრები, საქართველო შედის ახალ ბაზრებზე, რაც ღვინის ინდუსტრიისთვის ძალიან დიდი გამოწვევაა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა წინა ხელისუფლების პერიოდში არსებულ დივერსიფიკაციაზე და განაცხადა, რომ ექსპორტის თვალსაზრისით, ე.წ ემბარგოს პერიოდში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული იყო 10 მილიონი დოლარის საქონელი, ხოლო იმპორტზე შემოსულია მილიარდ 187 მილიონის ღირებულების საქონელი.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური